საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კომისიის წევრები და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს წესის დამტკიცებას, რომელიც გულისხმობს თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსებას, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვას და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციასა და მიღება-ამორიცხვას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტი, წარმოადგენს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვის მიერ მისაღწევ სასურველ შედეგებს მისი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის.
სხდომაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საჯარო სკოლების შენობებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის ჯგუფები განთავსდება, სადაც აღნიშნული პროგრამის განხორციელლებას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.
მათივე განცხადებით პროექტის მიღება არ გამოიწვევს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ იქონიებს.
კომისიის სხდომა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. სადაც დეპუტატებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები