ავსტრიის დელეგაცია სასჯელაღსრულების რეფორმებს გაეცნო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავსტრიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე მარიამ ვანკე-ცერვენკა ხელმძღვანელობს. დელეგაცია, რომელშიც ავსტრიელი მოსამართლეები, პროკურორები და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ ხულორდავას შეხვდა.
როგორც „კვირას“ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, თამარ ხულორდავა სტუმრებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ ესაუბრა. მან პენიტენციურ სისტემაში ადრე არსებულ ვითარებაზე და 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო რეგულაციებზე, მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, სისტემაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კუთხით არსებული მიდგომა მთლიანად შეცვალა და მსჯავრდებულს სასჯელის სათანადო პირობებში მოხდის საშუალება აქვს. სამინისტრო ისეთი პროგრამების დანერგვაზე მუშაობს, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა სოციალურ და სარეაბილიტაციო პროგრამაში. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ კი საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. სტუმრებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობისა და სერვისების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
„დღეს ავსტრიის დელეგაციას ვუმასპინძლეთ. დელეგაცია წარმომადგენლობითია და მასში ავსტრიის უზენაესი, სააპელაციო და რაიონული სასამართლოების, გენერალური და რაიონული პროკურატურების, ასევე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. მათი შეხვედრების მიზანი საქართველოს იუსტიციის, მართლმსაჯულების და სასჯელაღსრულების სისტემის გაცნობაა. სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე, პრობაციის სფეროში არსებულ ვითარებაზე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, როგორც გამოცდილებაზე, ასევე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარემ მარიამ ვანკე-ცერვენკამ შეხვედრა დადებითად შეაფასა.
„დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან საინტერესო იყო. საქართველო ავსტრიისთვის ახლობელი ქვეყანაა. სასჯელაღსრულების სფეროში გამოწვევები ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირია. გვაინტერსებს ამ კუთხით როგორ მიდის განვითარება, რა მიზნები და გეგმები აქვს საქართველოს. გარდა ამისა, ვინტერსედებით იმით, თუ რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი აღნიშნულ სფეროში როგორც თქვენს, ასევე, ჩვენს ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვიქნები, თუ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მარიამ ვანკე-ცერვენკამ.
დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროში და სხვა უწყებებშიც გამართავენ შეხვედრებს.