დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით 2-8 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაციით, 3-6 ოქტომბერს, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – თედო ჯაფარიძე და საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე – ირაკლი ჩიქოვანი, შეხვედრას გამართავს უელსის ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, დეიმ როსმარი ბატლერთან, რის შემდეგაც პარლამენტის წევრები უელსის ასამბლეის პლენარულ სხდომას დაესწრებიან.
ასევე, სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი, უელსის მთავრობის წარმომადგენელებთან; შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის იქნება დევოლუციის (შეზღუდული ავტონომია) და საპარლამენტო პროცედურების საკითხები.
ასევე, რეგიონული მმართველობის თემაზე შეხვედრა შედგება უელსის ასამბლეის ბიზნესის დირექტორატის წარმომადგენელებთან.
უელსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, დელეგაციის წევრების შეხვედრა საარჩევნო რეფორმის საზოგადოებასთან (ინგლ. Electoral Reform Society), კარდიფის საბჭოსა და სამხრეთ უელსის პოლიციის წარმომადგენლებთან. 7 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ლონდონს ეწვევა, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გამოსვლა „ჩეთემ ჰაუზში” (ინგლ. Chatham House).
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დისკუსიაში, რომლის თემაა – „საქართველო: 2016 წლის არჩევნები და შემდგომი პერიოდი” – მონაწილეობას მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი – ნილ მაკფარლენი.
ასევე საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, ჯონათან ჯანოგლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში ამავე დღეს გაიმართება. საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 8 ოქტომბერს დაბრუნდება.