ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე

რუსეთი განაგრძობს თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, გაეროში მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სოხუმსა და ცხინვალთან მოაწერა ხელი ე.წ „ინტეგრაციის შეთანხმებას“.

„მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ამის ტრაგიკული შედეგი კი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ძირეულ უფლებებს. მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ისევე, როგორც – ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლის იმედები და ოცნებები, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობა (აფხაზეთიდან[საქართველო] და ცხინვალის რეგიონიდან[საქართველო] იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

პრემიერის თქმით, კონფლიქტით მიყენებული ტკივილი რეალურია, ხოლო შედეგები, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – უმძიმესი. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,რომ 2012 წლიდან დღემდე მთავრობამ საცხოვრებლით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი უზრუნველყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოკუპაციის მიუხედავად, მთავრობა აცნობიერებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება. „ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო – რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელ წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები