ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს – იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით
იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით, – ამ სიტყვებით აფხაზებს და ოსებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ისტორიული კავშირების უგულებელყოფის ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. „ძმანო და დანო, ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის წაშლა. ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენს ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. ჩვენი თანამშრომლობა კი წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს“, – მიმართა პრემიერმა აფხაზებს და ოსებს.