კახა კალაძის შეფასებით „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რეალობისგან შორსაა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არ ცდილობს რომელიმე ტელევიზიას პრობლემები შეუქმნას. როგორც ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია “მაესტროს” “კონტაქტში” ჩართვისას „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს.
“ნამდვილად ვერ დავეთანმხები იმ აჟიოტაჟს, რომ ხელისუფლებამ, ან რომელიმე გარკვეულმა ჯგუფმა ვერ იგუა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია. ეს სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა. კონკრეტული შეფასებებისგან ამ საქმეზე თავს შევიკავებ, რადგან ეს ერთმა ან მეორე მხარემ შეიძლება აღიქვას ცუდად. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში მიჩვეული ვიყავით სხვა ვითარებას, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს რეალობა ყველამ ერთად შევცვალეთ”, – განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით, რომელიც ტელეკომპანია “საქართველოს” წილების დაყადაღებას ეხება, “რუსთავი 2” დახურა. მისი თქმით, გადაკეტილია ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ტელევიზია ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები