ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა
ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო წლებში მიაღწიეს წინსვლას ყველა სტრატეგიულ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ საზოგადოებასთან დაამყარა ისეთი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შრომა და მეწარმეობა დაფასებულია, ხოლო გაჭირვებული ფენებისთვის უზრუნველყოფილია სოციალური დაცვა.
„მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გავაორმაგეთ სოციალური დახმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი, ინოვაციური კამპანიის მეშვეობით, გადავარჩენთ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ ვახორციელებთ ქართული დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენი ხალხი ითხოვს და იმსახურებს ძლიერ დემოკრატიას და გულისხმიერ მთავრობას. ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა ამაზე შეჩერებას არ აპირებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შესახებაც ისაუბრა, რომლებმაც, მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებელთა დადებითი შეფასება დაიმსახურა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ასევე ეამაყება საქართველოს ისტორიაში პირველი ამომწურავი გრძელვადიანი სტრატეგია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ანტიდისკრიმინაციული კანონი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვა საქართველოს მთავრობის ურყევი მიზანია.