დავით თევზაძის პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ოქტომბრის პირველ ნახევარში ჩატარდება
საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო მშვიდობისთვის“ მიმდინარე თვის პირველ ნახევარში პარტიად დარეგისტრირდება და დამფუძნებელ ყრილობას გამართავს,- ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა დავით თევზაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
დავით თევზაძე კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან პარტიის დაფუძნებამდე თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი გუნდი 2016 წლის არჩევნებზე მონაწილეობისთვის მზად არის.
„იმ ვითარებას და გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვერ უპასუხებს, ამიტომ გადავწყვიტეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავერთოთ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, გეტყვით, რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც წლებია მიცნობენ და მენდობიან. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თუმცა პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი არა გამარჯვება, არამედ იმ სივრცეში მოხვედრა იქნება სადაც კანონშემოქმედებითი საქმიანობაა. ჩვენ ვეცდებით შევიდეთ პარლამენტში და უკვე შემდგომი არჩევნებისთვის მოვიპოვოთ იმხელა პოლიტიკური ავტორიტეტი რომ უკვე გამარჯვებაზე ვისაუბროთ“- განაცხადა დავით თევზაძემ.
თევზაძე არ საუბრობს იმაზეც აპირებს თუ არა ის არჩევნებში, რომელიმე სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად კოალიციის სახით მონაწილეობას, მისი თქმით, მის მთავარ საზრუნავს მოცემულ მომენტში მხოლოდ პარტიის ოფიციალური დაფუძნება წარმოადგენს, რის შემდეგაც ეტაპობრივად ყველა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრებს.