ხადური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენმდივანს შეხვდა

   საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კუნიო მიკურიას შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო საბაჟო სფეროში ინფასტრუქტურის განახლების, პროცედურების გამარტივების კუთხით უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების კონფერენციის მნიშვნელობაზე, რომელიც ხვალ, 17 მარტს, თბილისში დაიწყებს მუშაობას. კონფერენციას ევროპის რეგიონის 52 ქვეყნიდან 100 წარმომადგენელი დაესწრება.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საბაჟო სფეროში მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს. ღრმად ვარ დარწმუნებული, ღონისძიების ფარგლებში მიღწეული იქნება ბევრი შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. თბილისში ასეთი დონის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საბაჟო ადმინისტრაცია ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
როგორც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ განაცხადაორგანიზაციის მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტანდარტების ჰარმონიზაციას საბაჟო სფეროში.
„ხვალ თბილისში ძალიან მნიშნელოვანი კონფერენცია გაიხსნება. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტანდარტების ჰარმონიზაციას საბაჟო სფეროში. აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ევროპის რეგიონის საბაჟო ადმინისტრაციების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრა,“ – აღნიშნა კუნიო მიკურიამ.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს თბილისში შეხვედრა საშუალებას მისცემს გაეცნონ საქართველოში საბაჟო ინფრასტრუქტურისა და პროცედურების გამარტივების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, მთავრობის მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკას.
დღესვე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ და თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა. სტუმარი დეტალურად გაეცნო საბაჟო–გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას და კოლეგების მიერ გაწეულ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცა.
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (მსო) შეიქმნა 1952 წელს. იგი დამოუკიდებელი მთავრობათაშორისი უწყებაა, რომლის მისიაა წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მხარდაჭერა მოდერნიზაციის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ტრენინგებისა და ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. მსო-ში შედის 179 საბაჟო ადმინისტრაცია. საქართველო მსო-ის წევრი 1993 წელს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები