"ქართული კუდაბზიკობით პრობლემებს ნუ შევქმნით“
უკრაინა-რუსეთის მოვლენების მიმართ საქართველომ სამართლიანი, მორალური და არაკონფრონტაციული ტაქტიკა უნდა აირჩიოს, თუ გვინდა, რომ მომავალში ორივე მხარე მადლიერი იყოს, პოლიტიკური სარგებელიც ვნახოთ და ქვეყანა გავამთლიანოთ, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. „საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა უკრაინის კრიზისთან მიმართებით განცხადებები გააკეთეს. არ შევუდგები მათ განხილვას, მაგრამ საკმარისზე მეტი ითქვა და კარგი იქნება მანამ სანამ, ცხელი ფაზაა და ბევრი რამ „არ ჩანს“, თავი შეიკავონ შემდგომი კომენტარებისგან! დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს “ჩვენი, ქართული კუდაბზიკობით” პრობლემებს ნუ შევუქმნით, რასაც „ასე წარმატებით“ აკეთებდა სააკაშვილი და მისი “ნაცმოძი”, რის შედეგებსაც საქართველო დღესაც იმკის!!!” – წერს ჯუმბერ კირვალიძე.
მისივე თქმით, ბრძნული და ქრისტიანული იქნება, თუ საქართველო ორ მოძმე მართლმადიდებელ ერებს, რუსეთსა და უკრაინას შორის მედიატორობის მზადყოფნას გამოთქვამს. პოლიტოლოგის აზრით, უკრაინის გადარჩენის გასაღები, უკრაინის გეოპოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნებაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთიანი უკრაინის რღვევა ან უკეთეს შემთხვევაში, ფედერალური მოწყობის ახალი მოდელი გარდაუვალია.
„დღეს, როგორც ჩანს, უკრაინას ყველაზე ტრაგიკული დღეები აქვს თავისი 23 წლიანი დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე! სანამ გვიან არ არის საჭიროა ფართო კონსენსუსი და კომპრომისული სტრატეგია, რათა ქვეყნის ერთიანობა არ შეეწიროს სხვადასხვა პოლიტიკურ მიზნებს და ამოცანებს!! იმას, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ვერანაირად გვერდს ვერ აუვლის რუსეთის ფედერაცია, როგორი სამართლიანი ბრალდებებიც არ უნდა იყოს მისი მისამართით, რადგან უკრაინაში ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი რუსული ეთნოსი, რომელიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში მცხოვრები რუსებისგან განსხვავებით, უკრაინას, კიევს („კიევსკაია რუსს“) თვლიან თავის ისტორიულ სამშობლოდ უკრაინელებთან ერთად და მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური ნება ისევე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც უკრაინელების! ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენები, დროულ რეაგირებას მოითხოვს, რათა უმართავი არ გახდეს იგი! საჭიროა დიალოგის დაწყება ამერიკის, ევროკავშირის, რუსეთის და უკრაინის ხელმძღვანელებს შორის, რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არასასურველი მოქმედებები განვითარდება აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებშიც!.. ყველამ გააცნობიეროს, რომ უკრაინაში “მაიდანის რევოლუციის” შემდგომი და მიმდინარე პროცესები – პოლიტიკური, ისტორიული, ფსიქოლოგიური გაცილებით “ღრმადაა” წასული და საქმე შეიძლება გვქონდეს ორი ერის – უკრაინელების და რუსების “გაყრასთან” („ბალკანიზაციის“ საფრთხე!), მათ ერთგვარ თვითგამორკვევასთან, – ყოფილი რუსეთის იმპერიის, ყოფილი სსრკ-ს, გუშინდელი “დსთ”-ს და ახალი “მაიდანის უკრაინის” ტერიტორიაზე!!!.. სამწუხაროდ, ეს რეალური საშიშროებაა, თუ ორივე ერის წარმომადგენლები დროულად არ „გამოფხიზლდებიან“! დიახ, აღმოსავლეთ უკრაინის 9 მილიონიანი რუსი ეროვნების მოსახლეობა, როგორც ჩანს, არ შეურიგდება იმას, რომ უკრაინამ რუსეთი “ჩაანაცვლოს” დასავლეთით!!! უწინარესად კი, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში!.. ვიმედოვნებ, რომ რუსეთის, დასავლეთის, უკრაინის, ყველა კეთილი ნების მქონე ქვეყნების და საერთასორისო ინსტიტუტების ძალისხმევით შეთანხმება შედგება და თავიდან აიცილებს კაცობრიობა გლობალურ დაპირისპირებას დასავლეთსა და რუსეთს შორის, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება!!!”, – წერს ჯუმბერ კირვალიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.