თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
“პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები კარტელის შემთხვევაში” – ამ თემაზე თბილისი 22-24 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
როგორც “კვირას“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებაზე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით იმართება, სიტყვით გამოვა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე.
მათივე ინფორმაციით, სემინარზე დეტალურად იმსჯელებენ პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების მოპოვების გზებზე, ასევე, განსახილველ თემებს შორის იქნება: თანამშრომლობის პროგრამა, სკრინინგის ინსტრუმენტები, გაუფრთხილებელი შემოწმება, გამოკითხვა და ეფექტური პროცედურები. სემინარის მსვლელობისას OECD-ის წევრი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ჩაერთვებიან დისკუსიაში. კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, იტალიის, ისრაელის, უნგრეთის, ჰოლანდიის კონკურენციის ორგანოს წარმომადგენლები დაესწრებიან. მსგავსი სახის სემინარები OECD-ის წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება. 2015 წელს კი, წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, სემინარის ჩატარებისთვის საქართველო შეირჩა. ღონისძიება სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს გაიხსნება.