სოზარ სუბარი ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, ლანჩხუთსა და ქალაქ ოზურგეთში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და მათთვის გადაცემული სახლები მოინახულეს.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროში მოქმედი პროექტის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საშუალება მიეცათ 20 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოეძიებინათ.
სამინისტრომ ეკომიგრანტების მიერ შერჩეული სახლები, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე შეისყიდა.
სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიერ სახლების შერჩევა ხელს უწყობს განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციისა და ადაპტაციის პროცესს.
სამინისტროს მიერ შესყიდული სახლები საკუთრებაში გადაეცათ სტიქიით დაზარალებულ შემდეგ ოჯახებს: არჩილ ჩხაიძეს (დაზარალებული ლანჩხუთიდან, სოფ. აცანა) ლანჩხუთში, მორჩილაძის ქ. N35-ში; რევაზ მუშარბაძეს (დაზარალებული ხულოდან, სოფ. პანტნარი) ლანჩხუთში, დუმბაძის ქ. N82-ში; მარინა ორმოცაძეს (დაზარალებული ოზურგეთიდან, სოფ.შრომა) ოზურგეთში, ვაჟა-ფშაველას ქ. N17-ში; აკაკი რუსიეშვილს (დაზარალებული ოზურგეთიდან, სოფ. მერია) ოზურგეთში, გოგიტიძის ქ. N18-ში.
2012 წლიდან დღემდე გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულია 11 სახლი, მიმდინარე წლის ბოლომდე საცხოვრებლით კიდევ 7 ოჯახი დაკმაყოფილდება.
სულ საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ სახლი გადასცა 156 ეკომიგრანტ ოჯახს და წლის ბოლომდე უსაფრთხო გარემოში კიდევ 55 ოჯახი განსახლდება.