შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, თბილისის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1971 წელს დაბადებულ ზვიად გ-ს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).