„სტაბილურობიდან – მდგრადობამდე“! – როგორ აპირებენ თბილისის განვითარებას ქალაქის გენგეგმის პროექტში გამარჯვებულები

„ქალაქი კომპაქტური, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული უნდა იყოს და კონტროლირებადი მობილურობა ახასიათებდეს“, – ასე ხედავენ დედაქალაქის მომავალს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისათვის გამართულ კონკურსში გამარჯვებულები. როგორც „მომავლის ქალაქის“ წარმომადგენლებმა- მამუკა სალუქვაძემ და მერაბ ბოლქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, წარდგენილ დოკუმენტში მათ მოიცვეს ყველა ის მიმართულება, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვიყავით კონკურსანტებს შორის ერთადერთი, რომლებმაც ჩვენს ხედვაში დევიზი გამოვიტანეთ: „სტაბილურობიდან – მდგრადობამდე“! მომავალი სამუშაო 2 ეტაპად დავყავით, რაც სტაბილიზაციის მიღწევას, შემდეგ კი უკვე მდგრად განვითარებაზე გადასვლას გულისხმობს. ეს ავსახეთ იმ კალენდარულ გეგმაშიც, რომელიც წამძღვარებული ჰქონდა ჩვენს ხედვას. ჩვენ გარკვეულ დოკუმენტაციებს არა 18 თვის მერე, როცა კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩავაბაროთ, არამედ ყოველ სამ თვეში ჩავაბარებთ მერიას, რომ არ გაჩერდეს და დინამიკურად განვითარდეს ყველაფერი იმ მდგრადობამდე, რომელიც მიზნად დავისახეთ. ჩვენი გამარჯვება ალბათ ხედვის იმ დოკუმენტმა განაპირობა, რომელიც ჩვენ წარმოავდგინეთ, რადგან შევეცადეთ, მოგვეცვა ყველა ის მიმართულება, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. არ დაგვრჩენია არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც არ შევეხეთ ამ დოკუმენტის მომზადებისას. ძირითად მიმართულებებად გამოვყავით ურბანული დაგეგმარება, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, ეკონომიკა, საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ“, – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
მაქსიმალურად შვეცდებიან, ამ პროცესებში საზოგადოება ჩართონ. ამისათვის ისინი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასაც გეგმავენ. „მაქსიმალურად შევეცდებით, თავი ავარიდოთ ჩუმი და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც საზოგადოება ვერ გაგვიგებს. ჩვენი ხედვის უმთავრესი პრინციპი იყო სწორედ ქალაქი საზოგადოებისთვის. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საზოგადოებრივი საბჭოს არსებობა, სადაც არა მხოლოდ საზოგადოებიობის წარმომადგენლები და სპეციალისტები შევლენ, არამედ ჩვენ შევეცდებით, დიდი ალბათობით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ იმ ურბანისტებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს. ეს დოკუმენტი გარკვეულწილად ვადიანია. ეს გეგმა შეიძლება 2030 წლამდე დავსახოთ“, – აღნიშნა სალუქვაძემ.
ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის პოლიცენტრული განვითარების საკითხი. როგორც მერაბ ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია, ქალაქის პერიფერიული ნაწილი განვითარდეს და ცენტრი როგორც მოქალაქეებისგან, ისე სატრანსპორტო ნაკადისგან განიტვირთოს.
„მნიშვნელოვანია ქალაქის პოლიცენტრული განვითარების საკითხი. ეს სატრანსპორტო საკითხს უკავშირდება, რადგან ადგილზე დასაქმებისა და მომარაგების ინფრასტრუქტურის შექმნა ქალაქის ცენტრს გაათავისუფლებს მოქალაქეებისა და ტრანსპორტის დატვირთვისგან. განიტვირთება ცენტრი. აუცილებელია პერიფერიების განვითარება. მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ეტაპობრივად ამ ნაბიჯების გადადგმით გამოსწორდა რაღაც კონკრეტული პრობლემა, იქნება ეს სატრანსპორტო, გამწვანების, ქალაქგეგმარების თუ ნებისმიერი სხვა კუთხით. დღეს ქალაქში ძალიან მტკივნეული თემაა სატრანსპორტო პრობლემები. უმძიმესი მდგომარეობაა. ამ პრობლემაზე მუშაობა კომპლექსურად უნდა მოხდეს. რაც შეეხება გამწვანებას, თუ არ ჩავთვლით თბილისისთვის შემოერთებულ წყნეთს და სხვა რაიონებს, უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე გამწვანება მხოლოდ 5% შეადგენს“, – აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები