ბათუმში გიორგი პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდვრები ესროლეს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სახლის კედელზე „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოდ“ წითელი საღებავით ხელები დაახატეს.
მათ გამოტანილი აქვთ ასევე პლაკატები წარწერით: “ზონდერი მოსამართლე”, “პაპუაშვილი – ნაცისტების ადვოკატი”, “პაპუაშვილი – უგულავას და ბოკერიას მონა”.
აქციაზე პაპუაშვილის მისამართით კიდევ ერთი ბრალდება გაისმა, რომლის მიხედვითაც პაპუაშვილი უკანონოდ ცხოვრობს სახლში, რომელიც ასლან აბაშიძის გუნდის წევრს წაართვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული.