თბილისის საკრებულო ხვალ მერიის მიერ წარდგენილ გარემოს დაცვის სტრატეგიას განიხილავს

თბილისის საკრებულო ხვალ მერიის მიერ წარდგენილ გარემოს დაცვის სტრატეგიას განიხილავს. როგორც თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, სტრატეგიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, სტრატეგიის მიმართ კრიტიკა არც არასამთავრობო სექტორს გამოუთქვამს.
„გარემოს დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით კომისიას შენიშვნები და დამატებები არ ჰქონია. სტრატეგია განსახილველად და კრიტიკისთვის 41 არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაიგზავნა, მაგრამ უარყოფითი დასკვნა და კრიტიკა არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან ამ დოკუმენტს არ მიუღია. სტრატეგია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და ყველა იმ სფეროს ეხება, რომელიც შეიძლება, რომ სტრატეგიაში იყოს გაწევრიანებული, მათ შორისაა ჰაერის, წყლის, დასუფთავების კომპონენტი, ფართოდ არის განხილული ბიომრავალფეროვნება, ენერგოეფექტურობა და ყველა ის ძირითადი ასპექტი, რომელიც შესაძლოა, რომ აისახოს დოკუმენტში. მასში გათვალისწინებულია, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მას ხვალ საკრებულოში აბსოლუტური მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
ბუხრაშვილის განმარტებით, ჰაერის კომპონენტში ყველაზე დიდი პუნქტი გამონაბოლქვს ეხება. „ამ კუთხით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის C2-ის შემცველობა ჰაერში შემცირებული უნდა იყოს. თუ ჩვენ ამ სტრატეგიის მიხედვით დავწერთ კარგ გეგმას, მაშინ ეს მიზანი 2020 წლისთვის აუცილებლად მიიღწევა“,- აღნიშნა ბუხრაშვილმა.
სტრატეგია 2015-2020 წლებზეა გათვლილი და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გადაიხედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები