თბილისის გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში „მომავლის ქალაქის“ პროექტმა პირველი ადგილი დაიკავა

თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის სამი გამარჯვებული კომპანია დაასახელა. პირველი ადგილი იურიდიულ პირთა გაერთიანება „მომავლის ქალაქის“ პროექტმა დაიკავა;
მეორე ადგილი – შპს „არტსტუდიო პროექტის“, „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა დაიკავა;
ხოლო მესამე ადგილზე შპს „გეოგრაფიკის“, „KCAP“-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21“-ის და გიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი გავიდა.
პირველ ადგილზე გასულ კომპანიასთან თბილისის მერია ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც, არაუგვიანეს 18 თვეში, კომპანიამ სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა წარმოადგინოს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა, მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება.
“გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ – ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობდა. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.
აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 400 000 ამერიკულ დოლარს.
კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. შემოსული 11 განაცხადიდან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო. საბოლოოდ, საკონკურსო კომისიამ ექვსივე პრეზენტაციის განხილვის შედეგად 3 გამარჯვებული გამოავლინა.
წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით I ადგილისათვის – 50 000 ლარს, II ადგილისათვის – 30 000 ლარს, ხოლო III ადგილისათვის – 20 000 ლარს შეადგენს“,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები