თეა წულუკიანი: ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი სამუშაოდ წავა მთაში და იქ, სადაც არ არის ნოტარიუსი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი, პირველი სამი წელი თავის საქმიანობას სავალდებულო წესით განახორციელებს ან მთის რაიონში, ან იქ, სადაც არ არის ნოტარიუსი.
როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ ზეპირმა შეთანხმებებმა, რაც მას ახალგაზრდა ნოტარიუსებთან ჰქონდა, რომ წასულიყვნენ და ემსახურათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც ხალხს ნოტარიუსი სჭირდებოდა, არ გაამართლა. მისი თქმით, რადგან ზეპირი შეთანხმებები არ ამართლებს, შემოვა ახალი კანონი, რომელიც დაავალდებულებს ნოტარიუსებს, თავიანთი საქმიანობა შეასრულონ სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მუნციპალიტეტში.
„მაგალითად, ვანში, წყალტუბოში, ან სხვაგან. ან იმ რაიონში, სადაც არ არის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი. იმ ზეპირმა შეთანხმებებმა, რაც მქონდა ახალგაზრდა ნოტარიუსებთან, რომ წასულიყვნენ და ემსახურათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც ხალხს ნოტარიუსი სჭირდება, შეიძლება ითქვას, რომ არ გაამართლა. რაკი ზეპირი შეთანხმებები არ გვესმის, შემოვა კანონის ვალდებულება და ახლად დანიშნული ყველა ნოტარიუსი წავა და მოემსახურება სამი წელი მუნიციპალიტეტებში, მთაში და იქ, სადაც არ არის ნოტარიუსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ სამი წლის შემდეგ ისინი, თავის არჩევანში თავისუფალი იქნებიან და სადაც მათი სურვილი იქნება, თავიანთ საქმიანობას, იქ გააგრძელებენ.
„ეს არის ძალიან კარგი სიახლე მთისთვის და იმ რაიონებისთვის, სადაც არის ნოტარიუსი. მე უკვე გამოვაცხადებ ნოტარიუსებისთვის გამოცდას და ვერცერთი ახლად დანიშნული ნოტარიუსი ვერ განთავსდება ვერც თბილისში, ვერც ქუთაისში, ვერც ბათუმში პირველი სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, მის მიერ არაერთი ნოტარიუსი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უკანონობას იყვნენ მიჩვეულნი და ვერ გადაეჩვივნენ.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნოტარიუსი იმ ადამიანების ერთგული მსახური უნდა იყოს, ვინც მათთან დასახმარებლად მიდის და  სანდო პარტნიორი უნდა იყოს.
„დღეს ჩვენ 252 ნოტარიუსი გვყავს. არ არის გამორიცხული, რომ არაკომპეტენტურობის, ან სხვა რამე გადაცდომის გამო, რამდენიმე მათგანი დაემშვიდობოს თანამდებობას. თუმცა, ნოტარიუსთა კორპუსის უმრავლესობა კომპეტენტურია. არცერთ მათგანს არ ვპატიობ მცირე შეცდომასაც კი, თუკი დააზიანებს რომელიმე მათგანი მოქალაქეს. ეს არის პროცესი. ეს პროცესი ჯანსაღად მიმდინარეობს და ის ხარვეზი, რომელიც გვქონდა, რომ არც ცაგერში, არც ვანში, არც მესტიაში არ გვყავს ნოტარიუსები, ამ კანონის თანახმად, ყველა ვალდებული იქნება, მოემსახუროს იმ რაიონებს, სადაც ხალხს დასჭირდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები