ხვალ, დუშეთის რაიონში მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული ორი სახელოსნო იხსნება
ხვალ, მაღაროსკარში თინა დათაშვილის ტექსტილის, კორშაში კი „არაბული ArtHouse”-ის სახელოსნოების გახსნის ცერემონია და რეწვის გასული საუკუნეების ნიმუშების გამოფენა გაიმართება.
ორივე სახელოსნოს პრეზენტაციას ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი „არტ-ფესტივალი ჩირდილი 2015-ის“ ფარგლებში წარმოადგენს.
„არაბული ArtHouse-ც“და თინა დათაშვილის ტექსტილის სახელოსნოც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამართული მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტებია, რომელიც ევროკავშირის პროექტის “Investing in People” -ის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელოსნოების მოსაწყობად საკონკურსო გრანტი სულ ოთხმა ოსტატმა მიიღო. ფონდმა პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ოსტატებს მიანიჭა.
თინა დათაშვილი ქსოვის, ქარგვის, ფშავ-ხევსურეთის ტრადიციული ხელსაქმის გამგრძელებელია და სწორედ ამ სახელოსნოს ბაზაზე, მაღაროსკარში ამოქმედებულ სკოლაში ის ადგილობრივ ბავშვებს ტრადიციულ დარგებს შეასწავლის. კორშაში კი არაბულებმა შეძლეს ხევსურული სახლის აღდგენა და მასში სახელოსნოს გამართვა. ArtHouse -ის კულტურის ცენტრად გადაქცევას სხვადასხვა დარგის ოსტატების მასტერკლასებიც შეუწყობს ხელს. აქვე, იგეგმება ტურისტების მოწვევა და მათი ქართული ტრადიციული რეწვის ხელსაქმეში ჩართვა.
პრეზენტაციას ხევსურეთში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტების მენეჯერი ეკა დათუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, „არტ-ფესტივალი ჩირდილის“ ორგანიზატორები, ასევე, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი და მისი მოადგილე კობა არაბული დაესწრებიან. ორივე სახელოსნო გაიხსნება „არტ- ფესტივალი ჩირდილი 2015-ის“ ფარგლებში. არტ-ფესტივალი 8-დან 15 სექტემბრამდე მოიცავს ჩარგალს, კორშას, ჩირდილს, შატილს, მუცოს. პირიქითა ხევსურეთი გამოფენებს, მწერლებს, ლიტერატურულ საღამოებს, პროექტს „ცოცხალი წიგნები“, არაბულების კრებულისა და სახელოსნოების პრეზენტაციებს, კონცერტებს უმასპინძლებს. ამ კვირეულის ფარგლებშივე შედგება ტრადიციული რეწვის ცოცხალი პროცესი და ხევსურული სამზარეულოს წარდგენა.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, ევროკავშირის ამავე პროექტის ფარგლებში, 2014 წელს, უკვე დაფინანსდა ტრადიციული რეწვის 11 სახელოსნო, რომელიც მოწყობის სტადიაშია და უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრების მისაღებად მზადდება.