ჯანდაცვის სამინისტროსა და ირლანდიის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ირლანდიის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 7-12 სექტემბერს, ირლანდიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაცია.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში ირლანდიის გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში, 10 სექტემბერს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებს შორის თანამშრომლობას და მომსახურების მაქსიმალურად სრულყოფის მიზნით გამოცდილებისა და ექსპერტიზის ურთიერთგაზიარებას.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიის მხრიდან ხელი მოაწერა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისების დირექტორმა, მარტინ დანმა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ირლანდიის ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციის წევრები გაეცნენ ირლანდიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სტრუქტურას და მის ყოველდღიურ, ოპერატიულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვიზიტი ირლანდიის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ეროვნული სერვისების დირექტორის დამიენ მაკკალიონის მიწვევით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები