„ბი-ბი-სი“ – საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ყოველწლიურად ტურისტების ნაკადი მატულობს და გასულ წელთან შედარებით მეზობელი ქვეყნებიდან მათი რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს ტურიზმის სფეროში კლება შეინიშნებოდა. თუმცა ზაფხულში სიტუაცია გამოსწორდა და მთლიანობაში ეს წელი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
„ბევრი ტურისტია ევროპის ქვეყნებიდან, არაბეთის გართიანებული საემიროებიდან, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან, მაგრამ ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩადის“, – ნათქვამია „ბი-ბი-სის“ სიუჟეტში.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში სომხეთიდან 944 ათასი ტურისტი, ხოლო აზერბაიჯანიდან 932 ათასი ადამიანი ჩამოვიდა.
ტურისტული სააგენტო Go Travel-ის წარმომადგენლის მარიანა ბარსეგიანის ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დასასვენებლად მიდის ეგვიპტეში, დუბაიში და ევროპის სახელმწიფოებში. საქართველოს კი „მოკრძალებული ბიუჯეტის“ მქონე ადამიანები ირჩევენ.
მთლიანად ზაფხულის განმავლობაში საქართველოს 2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 10%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.