იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლასა და ინტეგრაციაში დახმარების მიზნით იუსტიციისა და განათლების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაბა კაზრეთში მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობისა და მოქმედი საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური კურსები დაიგეგმება.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან“ ერთად შეიმუშავებს, დაგეგმავს და განახორციელებს სწავლების ისეთ სისტემას, რომელიც დაეხმარება ეროვნული უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციას ქართულენოვან საზოგადოებასთან. ამასთან, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით ქართული ენის სწავლების კურსები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ცენტრებში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მომსახურების მიწოდებას.
მემორანდუმს საფუძველი ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ ჩაეყარა, სადაც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინტენსიურად მიმდინარეობდა ქართული ენის სწავლების დისტანციური კურსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები