ირაკლი ლექვინაძე კრინიცას 25-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყით გამოვიდა

კრინიცას 25-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვიცე-მერმა, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში ინტეგრირების საკითხებზე ისაუბრა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის აუცილებლობასა და საქართველოს როლზე აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავებაში.
ფორუმში ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც საქართველოსა და თბილისის ტურისტულ პოტენციალზე მოხსენება წარადგინა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – “ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიაში: ოცნება თუ რეალობა?!”, საკრებულოს წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძეც ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მერის მოადგილე და თბილისის საკრებულოს წევრები საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტსა და ორგანიზატორებსაც შეხვდნენ. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ შემდგომ ეკონომიკურ ფორუმზე თბილისი უფრო მასშტაბურად, ადგილობრივი პროდუქციითა და კულტურით იქნება წარმოდგენილი. ლექვინაძე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად, პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მერიის ხელმძღვანელებსაც შეხვდა. კრინიცას 25-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი პოლონეთში ყოველწლიურად იმართება. წელს, რიგით 25-ე კონფერენციას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები