„ჩინეთის კორპორაცია ტყიბულში 150- მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს“
საქართველოში მსხვილი ჩინური კომპანია ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, – ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ ისაუბრა.
ჩაფიძის განცხადებით, ამით ტყიბულის ქვანახშირს სტაბილური მომხმარებელი ეყოლება.
„მე მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. მან გუშინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ჩინეთის უმსხვილეს კორპორაციასთან, რომელსაც ქვანახშირის და ენერგეტიკული პროექტების კუთხით ჩინეთის ბაზრის 1/3 უჭირავს. კორპორაცია უახლოეს პერიოდში ტყიბულში 150-მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 50-60 წლის განმავლობაში ტყიბულის ქვანახშირს სტაბილური მომხმარებელი ეყოლება.
უნდა გაიზარდოს მინიმუმ სამჯერ ქვანახშირის მოპოვება იმისათვის, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება უზრუნველყოს. უახლოეს პერიოდში ასევე ტყიბულში 13-მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგური აშენდება, რომელიც დაახლოებით სამი წელია გაჩერებული იყო და ამის გამო ტყიბულის ქვანახშირს აქტიური მომხმარებელი აღარ ჰყავდა. შესაბამისი სამუშაოები უკვე წელს შემოდგომაზე დაიწყება“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.