მიმართვა “ნაციონალებს” – „არ გაქვთ მორალური უფლება, გააპროტესტოთ მევენახეებისა და მეღვინეების პრობლემები“

“ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არაფერი აქვს „მწვავედ მოსათხოვი“ მთავრობისგან, თქვენ ისედაც კეთილდღეობაში ხართ და კახელი მევენახეების პრობლემები და მათი რეალური მოგვარება, თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა! თქვენი პოლიტიკური დემაგოგია სარგებელს ვერ მოუტანს ამ დარგის მომავალს” , – ასე მიმართავს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით თამარაშვილი პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”.
როგორც დავით თამარაშვილი მიმართვაში აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და წევრებს მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ მევენახეების პრობლემებზე, რადგან, თამარაშვილის თქმით, სწორედ მევენახეების ხარჯზე გამდიდრდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
მიმართვას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს დაუძინებელი მტრის თემურ ლენგის შემდეგ ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის არავის მიუყენებია ისეთი დიდი ზიანი, როგორც თქვენ, რის გამოც თქვენი პარტიის ლიდერებს არ გაქვთ მორალური უფლება, გააპროტესტოთ მევენახეებისა თუ მეღვინეების წინაშე არსებული პრობლემები, რადგან ისინი თქვენი შექმნილია!
2006 წელს ქართულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგოს შემდგომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში თქვენ აღადგინეთ საბჭოთა მეღვინეობის სისტემა, რომლის მავნებლურ შედეგებს დღეს იმკის კახელი მევენახე და ქვეყნის ბიუჯეტი!
განვითარების გზაზე მდგომ ქართულ ღვინის ბიზნესს სახელმწიფო ღვინის კომპანია ჩაუყენეთ კონკურენციაში, აიღეთ მონოპოლია ყურძნის ბაზარზე, ღვინის წარმოებასა და საკონიაკე სპირტის ექსპორტზე! კერძო ქარხნებში, სადაც სახელმწიფო ღვინის კომპანია შედიოდა, ტერორში ჰყავდა მისი მესაკუთრე! ღვინის ბიზნესს არ შეეძლო ქვეყნიდან ექსპორტზე გაეტანა საკონიაკე სპირტი! თუ რატომ თქვენ უნდა ახსნათ!
რთველი ბიზნესის სივრციდან გადაიტანეთ პოლიტიკურ სიბრტყეში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული მილიონობით ლარი დახარჯეთ, რომ „მოგეგვარებინათ მევენახის პრობლემა“, „სუბსიდიის სახით „კაპიკებს“ უხდიდით მათ“, ხოლო თქვენ კი „ბიუჯეტის ფულით“ ეწეოდით ღვინისა და საკონიაკე სპირტის წარმოებას და საკუთარ ჯიბეებს ივსებდით! მევენახის პრობლემები თქვენი გამდიდრების წყაროდ იქციეთ!
მიუკერძოებელი პროკურატურის და საგამოძიებოს სისტემის პირობებში გიორგი ღვინიაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ბაკურ კვეზერელი, ძალოვანი უწყბების „ჩინები“ და ამ „მახინჯი სისტემის ყველა არქიტექტორი“ საგამოძიებო სკამებზე უნდა ისხდეთ და იძლეოდეთ ჩვენებებს, თუ როგორ უყაირათოდ იყენებდით ბიუჯეტის თანხებს წლების განმავლობაში! კარგად დაიხსომეთ ეს დრო აუცილებლად დადგება!
მევენახე მენტალურად, ყველაზე მეტად სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში დამახინჯდა, ის გახდა სახელმწიფოს „მონა“ და არა მწარმოებელი, რომელიც საბაზრო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა! თქვენი ხელისუფლების პირობებში მევენახე არ გამდიდრებულა! ამ დარგში თქვენ მიერ „შექმნილი სისტემა“, „თავის დაფინანსების მოდელით“ არ ითვალისწინებდა მევენახისა და მეღვინის პრობლემების მოგვარებას, ის მხოლოდ სახელმწიფოზე დამოკიდებულს ხდიდა მათ! ფინანსურად ძლიერი მევენახე და მეღვინე და, ზოგადად, ქართველი კაცი თქვენთვის ყველაზე საშიში ძალა იყო!
მევენახეობა-მეღვინეობაში თქვენ მიერ დატოვილი ამ უმახინჯესი სისტემის შედეგებს მტკივნეულად იმკის დღეს კახელი მევენახე და ამას ემატება თქვენი ერთგული თანამოაზრის -ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის „საქმენი“. მის მიერ ხელოვნურად შექმნილი ინფლაციის პირობებში ვენახის მოვლის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყურძნის გასაყიდი ფასიც გაუფასურდა და ახლა თქვენი მოწოდებები პრობლემიდან გამოსავალს ვერავის სთავაზობს, ხოლო მევენახის პრობლემებით მანიპულირება თქვენი პოლიტიკური იმიჯის სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს!
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებო და ამ ორგანიზაციის წევრებო, არ გაქვთ მორალური უფლება მევენახეების პრობლემებზე საუბრის, რადგან ისინი თქვენი შექმნილია!
კარგად გაიხსენეთ, სწორედ თქვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „აღგვა მიწისაგან პირისა“, მეცნიერების ღირსებების შელახვა, სოციალური პირობების გაუარესება და ის „რეფორმა“, რაც გაატარეთ! დღესაც კარგად ახსოვთ ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლებს, როგორ იყრებოდა და იმტვრეოდა ინსტიტუტის მატერიალური ფასეულობები, განსაკუთრებით კი ინსტიტუტის ვაზისა და ღვინის მუზეუმის ექსპონატები! ეს ვანდალიზმი არა მხოლოდ ჩვენ ინსიტიტუტს არამედ მთელ ქართულ აგრარული მეცნიერებას შეეხო, რომელსაც გაუნადგურეთ უმდიდრესი სამეცნიერო მემკვიდრეობა!
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგური თქვენი ერთგული თანამოაზრის მიხეილ გოგიშვილის /უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე კუბლაშვილის სასამართლოში/ ძმამ კახა გოგიშვილმა 2008 წელს თაღლითურად შეიძინა „ღია აუქციონზე“, 2012 წლის არჩევნების შემდგომ კი გადაყიდა შპს ვივზე – ანუ „კეთილსინდისიერ მყიდველზე“, რადგან ეშინოდა, არავის წაერთვა! შპს „ვივი“-ს დამფუძნებელთა შორის კი კახა გოგიშვილთან ერთად თქვენი ხელისუფლების მეგობარი და ბიზნესმენი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გოჩა ენუქიძე არიან! და დღეს, როდესაც ისინიც თქვენსავით „ხელისუფლებაში“ არიან და როდესაც მთავრობას „მწვავე მოთხოვნებს“ უყენებთ, ძალიან სამარცხვინოა!
„ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არაფერი არ აქვს „მწვავედ მოსათხოვი“ მთავრობისთვის, თქვენ ისედაც კეთილდღეობაში ხართ და კახელი მევენახეების პრობლემები და მათი რეალური მოგვარება თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა! თქვენი პოლიტიკური დემაგოგია სარგებელს ვერ მოუტანს ამ დარგის მომავალს!
სუბსიდირების თქვენ მიერ დატოვებულმა მოდელმა მევენახის და მეღვინის პრობლემები ვერ მოაგვარა, პირიქით უფრო გააღრმავა! მას მხოლოდ ჩვენი საზოგადოება მოაგვარებს ოღონდ თქვენს გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები