გიორგი არეშიძე: დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბანაკის ორგანიზებისთვის დახარჯულ თითოეულ ლარზე პასუხისმგებელი ვარ

მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი და მისი ოჯახის მიმართ დისკრედიტაციულ ქმედებაში ადანაშაულებს და მერიის ყოფილი თანამშრომლისგან – გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონით მინიჭებული უფლებების გამოყენებას აპირებს.
არეშიძის მტკიცებითვე, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბანაკის ორგანიზებისთვის დახარჯულ თითოეულ ლარზეა პასუხისმგებელია. მისი თქმით, ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რაც საჭირო იყო ბანაკის ორგანიზებისთვის, უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული.
„ჩემ მიმართ ბოლო დღეებში გაჩნდა ბრალდებები. ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიზანმიმართული დისკრედიტაციული ქმედება, რომლისთვისაც ისინი, სამწუხაროდ, იყენებენ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ბანაკის ორგანიზებისთვის დახარჯულ თითოეულ ლარზე ვარ პასუხისმგებელი.
ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რაც საჭირო იყო ბანაკის ორგანიზებისთვის, უმაღლეს დონეზეა შესრულებული.
ასევე აღვნიშნავ, რომ ბანაკმა ჩაიარა, მართლაც, იდეალურად.
სწორედ ამან გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანება და ისინი ყოველთვის ამგვარი ხერხებით ცდილობენ დედაქალაქის მიერ ორგანიზებული ყველა წარმატებული პროექტის დადებითი მხარეების გადაფარვას.
მინდა შევპირდე მოსახლეობას და ახალგაზრდებს, რომ ეს არ გამოუვათ. ასევე მინდა გამოვეხმაურო ბრალდებას, თითქოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეს არის სიცრუე.
ის არ არის ჩემი არც თანამშრომელი და არც ბავშვობის მეგობარი. მე ყველასთან მაკავშირებს საქმიანი ურთიერთობა. საქმიანი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, გადაიზარდოს მეგობრობაში.
ბანაკში უამრავი ახალგაზრდა გავიცანი. მათთან უკვე მაკავშირებს მეგობრობა, თუმცა ეს არ გამორიცხავს მომავალში ჩემსა და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაგრძელებას.
ასევე მინდა აღვნიშნო და მოვითხოვო გივი კუბლაშვილისგან ბოდიშის მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ჩემ მიმართ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას“,-განაცხადა არეშიძემ და აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
„ხვალ ვაპირებ შეხვედრას ჟურნალისტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვისაც დეტალურად მივაწვდი ინფორმაციას ბანაკის ორგანიზებასა და თითოეული ლარის ხარჯვასთან დაკავშირებით, რომელიც ყოველგვარ ეჭვებსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას გამორიცხვას“,-დასძინა გიორგი არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები