ზურაბ გამეზარდაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს შეხვდა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველოსა და აზერბაიჯანში ავსტრიის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე კარლჰეინს გორტანოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებასა და ორგანიზებულ ტრანსსასაზღვრო დანაშაულობებთან ბრძოლის მიზნით ინფორმაციის გაცვლაზე იმსჯელეს.

ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეების მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სტრუქტურული ერთეულის მუშაობის შესახებ.

შეხვედრას ასევე სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი, პოლკოვნიკი გრიგოლ ბერულავა და სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი მანანა ხვედელიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები