“დიღმის მასივში მდებარე საბავშვო ბაღები პატარების მისაღებად მზად არიან”
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლისთვის მზაობა შეამოწმა.
დეპუტატმა მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე 7 საბავშვო ბაღი პირადად დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაობს ადგილზე გაეცნო. თარაშ შურღაიას განცხადებით, რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ დროისათვის კი ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დიღმის მასივში მდებარე სკოლამდელი აღზრდის თითქმის ყველა დაწესებულებაში გამოიცვალა სველი წერტილები და დასუფთავდა ეზოები.
,,ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საბავშვო ბაღები პატარების მისაღებად მზად არიან. რამდენიმე დაწესებულების დირექტორმა ეზოების გამწვანებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტების თხოვნით მოგვმართა, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და სამუშაოებს ჩავატარებთ ისე, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება“,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.
საკრებულოს დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ყველა ბაღში განხორციელდება მონიტორინგი როგორც კვების, ასევე მეთოდოლოგიის კუთხით.