დავით უსუფაშვილი: ქართულ ენას განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება
ქართულ ენას განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში ამ წუთებში ქართულ ენაზე მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა.
„ვისაუბროთ ქართული ენის, თუ ზოგადად ენის მნიშვნელობაზე, მე მგონი, ეს ცოტა უხერხულიც კი არის ამ აუდიტორიის წინაშე, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ენის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ესპექტზე – ენა, გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, გარდა უმთავრესი ეროვნული, კულტურული ფასეულობისა და ღირებულებისა, ენა არის კიდევ სახელმწიფო ენა, საქართველოს კონსტიტუციით გამოცხადებული სტატუსი. ეს ორ რამეს ნიშნავს. პირველ რიგში, იმას, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა და მეორე ის, რომ მას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა. სახელმწიფო ეს არის გარკვეულ ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების ერთობა, რომელებსაც ერთმანეთის ესმით, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და სწორედ სახელმწიფო ენა არის ამის უმთავრესი საშუალება. დღევანდელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ამ პარამეტრების თვალსაზრისით სერიოზულად ნაკლული სახელმწიფოა ჯერ კიდევ, ვინაიდან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ანუ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი და სერიოზული თემა. ჩვენი სახელმწიფო ნაკლულია იმითაც, რომ ჩვენი მოქალაქეების პრობლემებიც გვაქვს ჩვენ გადასაწყვეტი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.