ინგა გრიგოლიამ “რეაქციის” დახურვის შესახებ პირველი მესიჯი მარგველაშვილს მისწერა

„ინგა გრიგოლია პირდაპირ ეთერში დაბრუნდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ამასთან როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, მას ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელობისგან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ მიუღია.
როგორც ინგა გრიგოლიამ გადაცემაში აღნიშნა, მან გადაცემების „რეაქციის“ და „იმედის კვირის“ დახურვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტს შეატყობინა. გრიგოლიას ინფორმაციით, მან გიორგი მარგველაშვილს „სმს“ შეტყობინება გაუგზავნა.
ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტის ზემოთ აღნიშნული განცხადებები, „არჩევანის“ წამყვანის შეკითხვას მოჰყვა. გიორგი გაბუნიამ იკითხა, ესაუბრა თუ არა ინგა გრიგოლია “კონსტიტუციით თავისუფალი სიტყვის მთავარ გარანტს”,  საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.
„პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. როგორც კი გადაცემის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა, სმს შეტყობინება მივწერე მას. პირადად გადმომირეკა. ეს იყო პირველი ადამიანი, ვინც მე ჩავთვალე, რომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. იმიტომ რომ, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მერე ვთქვი კიდეც, რომ როგორ ვნანობ, რომ თავის დროზე არ მივიღე მონაწილეობა, როგორც ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში და მას არ მივეცი ხმა. თუ ის მეორედ დააყენებს კანდიდატურას არჩევნებში, მე მას აუცილებლად მივცემ ხმას. იმიტომ, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გადმომირეკა, მოისმინა და ის იყო ძალიან კარგი და ძალიან მკვეთრი განცხადება, რომელიც მან გააკეთა“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემაში „არჩევანი“ და დასძინა, რომ იგი “იმედში” აღარასდროს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები