ებრაული ინვესტიციით თბილისში სასტუმრო “Rustaveli Boutique Hotel“ აშენდება
ებრაული ინვესტიციით თბილისში სასტუმრო “Rustaveli Boutique Hotel“ აშენდება. სასტუმროს მშენებლობის პროცესს დღეს თბილისის მერი საქართველოში ვიზიტით მყოფი ისრაელის დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო.
ინვესტიციის საერთო ღირებულება 5 მლნ დოლარია. მშენებლობის პერიოდში ობიექტზე სულ 30 ადამიანი დასაქმდება; მისი დასრულების შემდეგ კი სასტუმროში 20 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში თავისუფლების №4-ში „ისრაელის სახლის“ ახალი ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე 13 ივნისს თბილისში სტიქიით დაზარალებულ ორ ოჯახს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ შეძენილი ბინები და ტექნიკის ვაუჩერები გადაეცა. ქნესეთის წევრმა დავიდ ბიტანმა კი შშმ ბავშვი ისრაელიდან ჩამოტანილი ელექტროეტლით დაასაჩუქრა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.
„სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ებრაელი ინვესტორი ეცნობა დედაქალაქში არსებულ ბიზნესპოტენციალს და ჩამოდიან ჩვენთან ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად. აღნიშნული ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. დედაქალაქის მერია მხარს უჭერს ეკონომიკური თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ძირითად პრინციპებს. ვმუშაობთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყანას ბიზნესის მარტივად კეთების კუთხით მაღალი მაჩვენებელი აქვს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის განცხადებით, საქართველოში ებრაელი ინვესტორების მიერ წლის ბოლომდე 6 ახალი პროექტი დაიწყება. კავშირები ორმხრივია, ინვესტიციები იწყება ისრაელში და საქართველოში ძლიერდება.
ისრაელის დელეგაციის სტუმრობა თბილისის მერის მიერ აგვისტოში, იერუსალიმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების საპასუხო ვიზიტია. სწორედ ამ ვიზიტისას გადაწყდა თბილისში, ებრაული ინვესტიციით რამდენიმე მრავალმმილიონიანი პროექტის განხორციელება.