აზერბაიჯანში, წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებულ კლიპს აზერბაიჯანის ელჩი გამოეხმაურა
აზერბაიჯანში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებულ კლიპს აზერბაიჯანის ელჩი აზერ ჰუსეინოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლიპი არ ისახავდა მიზნად ტოლერანტულ აზერბაიჯანსა და საქართველოში მუსლიმების, ქრისტიანებისა თუ სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ჩრდილი მიეყენებინა.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ტელეკომპანიამ რეაგირება ფაქტზე უმოკლეს დროში მოახდინა.
აზერბაიჯანის ელჩმა აღნიშნული განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზაზა ვაშაყმაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თავად ზაზა ვაშაყმაძე კი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურ პოზიციას აზერბაიჯანის ხელისუფლება დააფიქსირებს. მისი განმარტებით, 2 ქვეყანას შორის გარკვეულ საკითხებში პრობლემები დაგროვდა, რის გამოც ბაქოში მისი ვიზიტიც იგეგმება.
ცნობისთვის: აზერბაიჯანული ტელეკომპანია “ა-ტე-ვეს” ერთ-ერთი გადაცემის პრომო, რომელიც ისტორიულ ჰერეთში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაშია გადაღებული, ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელდა.
საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადებით საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართა და, ფაქტის გამოძიებასთან ერთად, მომხდარის გამო სათანადო ზომების მიღება მოითხოვა. დღეს ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ კლიპის გაშვება შეწყვიტა.