ლევან დავითაშვილი რთვლის მიმდინარეობის საკითხებს საორგანიზაციო შტაბში გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი რთვლის მიმდინარეობის საკითხებს თელავში, რთვლის საორგანიზაციო შტაბში გაეცნო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კახეთში ღვინის რამდენიმე კომპანიამ ყურძნის მიღება უკვე დაიწყო.
რთვლის ორგანიზებულად ჩასატარებლად და ყურძნის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა აქვს. არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, რაც რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას გულისხმობს, „რთველი 2015“-ის ფარგლებში, 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრის, ხოლო 1 კგ საფერავზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით, ყურძნის სუბსიდის ნიშნული არ შემცირებულა. ამავე დროს, სახელმწიფო მზად არის მინიმალური საგარანტიო პირობები შექმნას და ყურძნის იმ ჭარბი სექტორის, რომელსაც კერძო კომპანიები არ მიიღებენ, ჩაბარება უზრუნველყოს. შესაბამისად, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. გლეხი შეძლებს ყურძნის მომგებიანად რეალიზებას.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ყურძენს არ ჩაიბარებს უფრო მეტ ფასად, ვიდრე კერძო სექტორი. ჩვენ ვითვალისწინებთ ორივე მხარის ინტერესს. ჩვენ ხელს არ შევუშლით ინდუსტრიის განვითარებას, სახელმწიფო არ უნდა გახდეს ადგილობრივი მეწარმეების კონკურენტი. ხელოვნურად გაზრდილი ფასები ქართული ღვინის პერსპექტივას გააუარესებს. ჩვენ პოლიტიკა არის თანამიმდევრული – სახელმწიფო ყურძენს ჩაიბარებს იმავე ფასში, რაც ბაზარზე იქნება დაფიქსირებული. სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ყურძნის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გლეხი იქნება მომგებიან მდგომარეობაში.
თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის გარემოება, რომელიც დღეს გვაქვს. 2014 წელს ღვინის ექსპორტი მზარდი იყო. 2014 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეალობა იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო მოთხოვნადია. ჩვენ ვითვალისწინებთ მევენახეობის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს სოფლის მეურნეობაში. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს მათი ხელშეწყობისთვის. ისევე როგორც შარშან, წელსაც რთველი ორგანიზებულად ჩაივლის და წინასწარი ნეგატიური შეფასებები, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.