პარლამენტში აგრარულ სექტორში სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების პერსპექტივებზე იმსჯელეს

აგრარული სექტორის სამეცნიერო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული კვლევების ეფექტურობაზე იმსჯელეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გურამ ალექსიძის შეხვედრისას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვილი მეცნიერული გამოცდილებისა და კვლევების პრაქტიკაში გამოყენება თითქმის აღარ ხდება. სოფლებში სავალოლო ვითარება შეიქმნა, ფერმერებს საბაზისო, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა არ გააჩნიათ, რამაც დღის წესრიგში ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი ცოდნით აღჭურვის საკითხი დააყენა. გელა სამხარაულის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს, ხოლო საბოლოოდ წარმატებები კი ამ დარგში მეცნიერებისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირით უნდა მოხდეს. ეს შეხვედრაც ამ მიზნით მოეწყო. იგი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც მიაჩნია, რომ აგრარულ სექტორში სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას ალტერნატივა არ გააჩნია.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა კომიტეტის ხელმძღვანელობას აკადემიის სტრუქტურის, საქმიანობის მთავარი მიმართულებების, განხორციელებული კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ფერმერებთან თანამშრომლობისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა. მან ასევე აკადემიის მიერ მომზადებულ რამდენიმე პროექტზე ინფორმაცია წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს მთავრობაცაა დაინტერესებული.

შეხვედრაზე საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. გურამ ალექსიძემ ამ მიმართულებით გარკვეული წინადადებებიც წარმოადგინა, რომლებსაც კომიტეტი უახლოეს დროში განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები