დავით ნარმანია სასტუმრო „გერგეთის“ მშენებლობის დაწყებას დაესწრო
თბილისში, ებრაული ინვესტიციით, ბუტიკ სასტუმრო „გერგეთის“ მშენებლობა დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის მერი დავით ნარმანია, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე იციკ მოშე, „კას ბუტიკ ჰოტელ ჯგუფის“ დამფუძნებელი ხანოხ ჰეინრიხ კასი, აღმასრულებელი დირექტორი კლაუს ბოდო ჰანდი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე სტუმრებმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობასა და ქვეყანაში ებრაული ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრეს, შემდეგ კი სასტუმრო „გერგეთის“ შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
სასტუმრო „გერგეთის“ საერთო ინვესტიცია 25 000 000 დოლარს შეადგენს. მშენებლობის პროცესში და მის შემდგომ, სულ 200 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
„ცოტა ხნის წინ მე ვიმყოფებოდი ისრაელში, სადაც შევხვდი იერუსალიმის მერს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე ჩვენ ვისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ პროექტებზე და დედაქალაქში არსებულ საინვესტიციო პოტენციალზე. ებრაული მხარე თბილისში 100 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხოციელებას გეგმავს, რაც, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები, რათა გავზარდოთ ეკონომიკური შესაძლებლობები ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესსექტორის წარმომადგენელთათვის. თბილისის კარი ღიაა ინვესტორებისთვის. დედაქალაქის მთავრობა მიესალმება ისრაელთან კომერციული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. დელეგაცია თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით ჩამოვიდა და რამდენიმე მრავალმილიონიანი პროექტის დაწყების ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.