“გია არდაზიშვილი სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა”

გია არდაზიშვილი სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, არდაზიშვილს სამსახურიდან რაიმე სახის ინფორმაცია არ გაუტანია.
„საუბარი იყო, რომ ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა დატოვა საქართველო და საიდუმლო ინფორმაციები გადაიტანა სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან. ის იყო რიგითი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ღია წყაროებზე, მას არანაირი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციებზე.
მაშინ გამოძიება მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე, ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით.
განცხადებები გაკეთდა მათი მხრიდან, თითქოსდა არა ჩვენ, არამედ მათმა სპეცსამსახურებმა სცემეს, დააკავეს, გაკოჭეს და გადმოაგდეს საზღვრის აქეთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი გადავიდეს, გადაუტანოს ღირებული ინფორმაცია, მათ კი სცემონ, გაკოჭონ, აუხვიონ თვალები, ხელები დაუბან და უკან გადმოაგდონ, მგონი, ლოგიკაში არ ჯდება“, – განაცხადა გომელაურმა.
სუს-ის კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად გია არდაზიშვილი გუშინ დააკავა.
არდაზიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზეა დაკავებული.
კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით, ასევე – 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები