იუსტიციის სამინისტროს კოლუმბიის უწყებათაშორისი დელეგაცია ესტუმრა
იუსტიციის სამინისტროს კოლუმბიის უწყებათაშორისი დელეგაცია ესტუმრა. როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ. მხარეებს შორის შეხვედრის მიზანი იუსტიციის სფეროში საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება იყო. სტუმრები საქართველოში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, ელექტრონული მმართველობის, ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირების, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ზრდისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის გატარებულ რეფორმებს გაეცვნენ.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს უფროსი გვარამ ხანდამიშვილი.
დღესვე კოლუმბიის დელეგაცია თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრება, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს − საქმიანობას გაეცნობა. სტუმრები სხვადასხვა სამსახურის პრეზენტაციებს მოისმენენ, შემდეგ კი მოეწყობა ტური იუსტიციის სახლში, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, დააკვირდნენ მომსახურების სტანდარტებს.
კოლუმბიის ექვსკაციანი დელეგაციის ვიზიტი 9 სექტემბერს სრულდება.