დავით ნარმანია: თბილისის კარი ინვესტორებისთვის ღიაა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო holiday Inn-ში ტექნოლოგიურ ფორუმს დაესწრო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა და მას საქართველოში მყოფი გერმანიის ბიზნეს დელეგაცია დაესწრო. თბილისის მერი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. დავით ნარმანიამ ყურადღება საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე გაამახვილა.
„ქვეყანაში მნიშნელოვანი პროგრესია თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფის კუთხით. დაწყებულია რეფორმები, რათა გაიზარდოს ეკონომიკური შესაძლებლობები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთათვის. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ისაუბრა დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდია დაინტერესება უცხოური კომპანიების მხრიდან, განსაკუთრებით კი ეს ინტერესი დედაქალაქისკენ არის მიმართული.
„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შევქმნათ სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთათვის. ამასთანავე, შენდება ახალი საწარმოები. დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობაზე და სწორედ ამიტომ, თქვენი ვიზიტი თბილისში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები