მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში ძალზე სუსტი სახელმწიფო აპარატია და ამის გამო შეიძლება ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. „სახელმწიფო სტრუქტურების და ძალოვანი უწყებების სისუსტის პარალელურად არსებობს იმის საფრთხე, გარკვეულ მომენტში ყველა ამ ჯგუფს გაუჩნდება იმის ცდუნება, რომ ხელისუფლება ისინი არიან“, – განაცხადა სააკაშვილმა ICTV-თან ინტერვიუში.
სააკაშვილის განცხადებით, სროლა მუკაჩევოში, რომელიც „მემარჯვენე სექტორის“ წარმომადგენლებმა მოაწყვეს, ასევე ხელყუმბარის აფეთქება უმაღლესი რადის შენობასთან, იმაზე მიუთითებს, რომ ძალოვანი უწყებები თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საიტზე განთავსებულმა პეტიციამ უკრაინის პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე საჭირო 25 ათასი ხელმოწერა უკვე შეაგროვა.
უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, პეტიცია მისი განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაციის განთავსებიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იყოს განხილული
„მოვითხოვთ უკრაინის პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას. საკმარისია კორუფციის და რეფორმების გაჭიანურების მოთმენა“, – აცხადებენ პეტიციის ავტორები.
პოროშენკოს ვებგვერდზე კიდევ განთავსებულია სხვა პეტიციებიც. ასე მაგალითად, მოქალაქეთა ჯგუფი სააკაშვილის კლონირებას და უკრაინის ყველა ოლქში გუბერნატორად მის დანიშვნას მოითხოვს.