ნოდარ ჯავახიშვილმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დაათვალიერა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუისი-აგარას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ხერგიანი გაეცნენ.
აღნიშნულ მონაკვეთზე დასასრულს უახლოვდება გზის ასფალტ-ბეტონითა და ცემენტ-ბეტონით მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში გზის საფარი უკვე დაიგო 17 კმ. – ოთხზოლიან და 2 კმ. – ორზოლიან საგზაო მონაკვეთებზე (გზის ორივე მიმართულებაზე ჯამში 34 კმ), მოეწყო ორდონიანი გადაკვეთები 5 გზაგამტარითა და 3 სახიდე გადასასვლელით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების მშენებლობასაც.
რუისი–აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 19 კილომეტრია. პროექტს, რომლის ღირებულება 70 მილიონი ლარია, მსოფლიო ბანკი აფინანსება. სამუშაოებზე ამ ეტაპზე, 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% ადგილობრივი მაცხოვრებელია.
რუისი–აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, მოხდება საგზაო ქსელის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება. ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოება.
რუისი–აგარას 19-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.