გიორგი ალიბეგაშვილი კრინიცა-ზდრუეს საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან – დავით უთმელიძესთან, იოსებ მანჯავიძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა.
საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქალაქ კრინიცა – ზდრუეში გაიმართება.
გიორგი ალიბეგაშვილი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით წარდგება და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის დელეგაციის წევრები კრაკოვის ვიცე-მერს მაგდალენა სროკას შეხვდებიან და ურბანული დაგეგმარების, ქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციასა და ტურიზმის თემებს განიხილავენ.
აღნიშნულ შეხვედრაში პოლონეთის მხრიდან მონაწილეობას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მერის ოფისის დირექტორის მოადგილე ბეატა საბატოვიჩი და ამავე განყოფილების წარმომადგენელი ლუცინა რადიკი მიიღებენ, ხოლო საქართველოს კი წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაციასთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე წარმოადგენს.
საერთაშორისო ღონისძიება პოლონეთში უკვე 20 წელია იმართება და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერების მნიშვნელოვანი შეკრების ადგილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები