ბიორგე ბრენდე: საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა იქნას განხილული

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. მინისტრი ადგილობრივ მკვიდრს ზურაბ ვალიშვილსაც გაესაუბრა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია მიიღო.
როგორც ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა იქნას განხილული.
„რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, რაც ასევე ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას“, – განაცხადა ბიორგე ბრენდემ.
ვიზიტის ფარგლებში ბიორგე ბრენდე “ამბასადორიალი 2015”-ში მიიღებს მონაწილეობას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები