გიორგი მარგველაშვილი იუბილარია

საქართველოს პრეზიდენტი იუბილარია. მას დღეს 46 წელი შეუსრულდა. გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში, ინჟინერ თეიმურაზ მარგველაშვილისა და ფსიქოლოგ მზეანა გომელაურის ოჯახში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში, სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ.
1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი.
1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი). მუშაობდა ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში. 2000-2006 და 2010-2012 წლებში იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი. მარგველაშვილი, პირველად, პოლიტიკურ ასპარეზზე 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ზურაბ ჟვანიას მოწვევით, შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს: „ბურჯანაძე—დემოკრატები“. იგი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში შედიოდა, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, „ბურჯანაძე—დემოკრატები“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა, ხოლო მარგველაშვილმა პოლიტიკა დატოვა. 2011 წლიდან უკვე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ჰყავს მეუღლე, მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები