ოთარ დანელია: ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა და ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მისიების გააქტიურება აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინსიტრმა ოთარ დანელიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე, „ამბასადორიალი 2015″-ზე განაცხადა.
მინისტრმა “ამბასადორიალი 2015”-ზე აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალი მომზადდა და მინისტრი საელჩოების მხრიდან მაქსიმალურ ხელშეწყობას ელოდება.
„სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული მუშაობა დავიწყეთ, შესაბამისად, საჭიროა საელჩოების მხრიდან ხელშეწყობა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. აუცილებელია ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მისიების გააქტიურება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამბასადორიალზე აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში დადებითი დინამიკაა. მისივე თქმით, არსებობს პოტენციალი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ოფიციალურად 2 სექტემბერს გაიხსნა.
“ამბასადორიალი 2015” 4 სექტემბერს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები