თბილისის მერია სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის დანახარჯის სუბსიდირებას მოახდენს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის დანახარჯის სუბსიდირებას მოახდენს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილებ ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ელექტროენერგიის გადასახადი თბილისსა და რეგიონებში თითქმის თანაბარია.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის თითქმის გათანაბრებულია. თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად, რათა ჩვენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეს. მათთვის განხორციელდება ელექტროენერგიის დანახარჯის სუბსიდირება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა. ელექტროენერგიის შესყიდვის საუშალო შეწონილი ფასი 5.480 თ/კვტსთ იყო, ახლა კი, 11.173 თ/კვტსთ გახდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები