დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დასკვნით, მესამე სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ან ბრასორთან და გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონული უსაფრთხოების ასპექტებს.
ასევე განხილვის თემა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იყო. ამ დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა აგვისტოს თვეში ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ამ ვიზიტის ფარგლებში კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ფაქტი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას, ან ბრასორმა პოზიტიური შეფასება მისცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის საქმიანობას. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მასპინძლობისთვის.
„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალზედ საინტერესო, ნაყოფიერი და დატვირთული იყო ინფორმაციული თვალსაზრისით”, – აღნიშნა მან.
ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან. მხარეებს შორის საუბარი შეეხო აპრილში თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას.
ჰელენ კლარკმა დავით უსუფაშვილს მიუსამძიმრა იმ მძიმე დანაკარგის გამო, რაც განიცადა საქართველომ იმ პერიოდში და ამ კონტექსტი აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და პრევენციის პროექტებზე.
გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორის თქმით, „გაეროს განვითარების პროგრამა ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს და მრავალი მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ჰელენ კლარკს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე საპარლამენტო პროექტებთან დაკავშირებით.
ჰელენ კლარკი, ასევე, დაინტერესდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით და დაგეგმილი კანონპროექტებით. დავით უსუფაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მას კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „პარლამენტს, მართლაც, მრავალ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი.”
საუბრის დასასრულს, გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს ეფექტურ დიალოგს და დისკუსიას საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები