თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს გაიხსნება
„თბილისის ზოოპარკის ნაწილი აღდგენილია და რამდენიმე დღეში, 13 სექტემბერს გაიხსნება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა. გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკი 3 იარუსისგან შედგება. აქედან ყველაზე დაბალი ნაწილი სრულად განადგურებულია.
„აღსადგენი იყო ისეთი ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომელიც თვალით არ ჩანს. აღსადგენი იყო კანალიზაცია, გაზი დღემდე არ არის აღდგენილი, თუმცა ეს დამთვალიერებელს ხელს არ შეუშლის. საკმაოდ ბევრი ვოლიერი აღდგა, აღდგა პინგვინების ვოლიერიც, თუმცა დღეს მხოლოდ 4 პინგვინი დაგვრჩა. დაწყებულია ბეჰემოთის დროებითი ვოლიერის მშენებლობა. ზოოპარკი შეიძლება განვიხილოთ როგორც, 3-იარუსიანი პირველი, ყველაზე დაბალი იარუსი მთლიანად განაგდურებულია და მის აღდგენას აზრი არა აქვს. მის თავიდან აშენებას ჯობია, ის აშენდეს იქ, სადაც ამისთვის უკეთესი პირობები არსებობს“,- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
რაც შეეხება ახალი ზოოპარკის მშენებლობას, გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის შემოღობისათვის მერიამ უკვე 2 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა უშუალოდ ზოოპარკის მშენებლობის პროცესი ჯერ დაწყებული არ არის. ჯერ არ დამტკიცებულა საბოლოო პროექტიც, რომლის მიხედვითაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკი აშენდება. ამ დროისთვის ზოოპარკის მშენებლობის თანხების მოსაზიდად საერთაშორისო დონორებთან და საქართველოს მთავრობასთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ახალი ზოოპარკის აშენებისათვის პროექტის დამტკიცებამდე ზუსტი თანხის განსაზღვრა ძალიან რთულია, თუმცა, მისი ვარაუდით, ამისათვის ალბათ 50-60 მილიონი დოლარი ან ევრო იქნება საჭირო.
„ამჯერად გენერალური გეგმის შედგენაზე ვმუშაობთ, შემდეგ დაიწყება ვოლიერების დაგეგმარება და დაპროექტება. მნიშვნელოვანია ის, რომ მერიას განსაზღვრული აქვს, შემოღობოს ეს ტერიტორია და ამისთვის 2 მილიონი ლარი გამოყო. რაც შეეხება ვადებს, ახალი ზოოპარკის მშენებლობას მინიმუმ 3 წელი დასჭირდება“, – აღნიშნა გურიელიძემ.