გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან

„მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.
ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, აქცენტი გაკეთდება ასევე საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
მისი შეფასებით, ამჟამად მნიშვნელოვანი ამოცანაა, “დიდი აბრეშუმის გზის” პროექტის წარმატებით ამოქმედება.
„ოქტომბერში ვუმასპინძლებთ მაღალი დონის დიალოგს “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში. პრიორიტეტული მიმართულება იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და რეგიონულ, ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის გაზრდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების წარმატებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის როლს.
ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის პროექტები, ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას.
ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულფასოვანი განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის გაძლიერება და საქართველოს ინტეგრირება როგორც რეგიონულ, ასევე მთლიანად ჩვენს ახლო და შორეულ სამეზობლოსთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება, რომლის განვითარებაზეც ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები