კვირიკაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე
“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე და ამ საქმეში მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენი დიდი ტრადიციების მქონე კულტურას“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბასადორიალზე განაცხადა. კვირიკაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი იქნება, წვლილი შეიტანოს დიპლომატიური სისტემის კიდევ უფრო გამართვასა და საგარეო უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
„ჩემი ინტერესი და პრიორიტეტია, წვლილი შევიტანო დიპლომატიური სისტემის კიდევ უფრო გამართვასა და საგარეო უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
კარგად ვიცი, თუ რაოდენ რთულ გარემოებაში უხდებათ მოღვაწეობა ჩვენს დიპლომატებს საზღვარგარეთ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს თქვენი სამუშაო პირობები, იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ საზღვარგარეთ.
ძალისხმევას არ დავიშურებთ რათა მთავრობასთან მუდმივ კოორდინაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაში წარმატებით გავიაროთ ეს რთული გზა, რომლის მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ეკონომიკური ამაღლება, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება წარმოადგენს. რაც მიიღწევა საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.