ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელებმა ნაგვალოუს და ცაბალის პოლიგონებზე წვრთნები გამართეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სააგენტო „სპუტნიკს“ შეატყობინა.
„წვრთნებში 700 სამხედრო მოსამსახურე, 50 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის უახლესი საბრძოლო მანქანები – „მუსტანგი“ და ჯავშანტრანსპორტიორი БТР-82М, ასევე საზენიტო და საარტილერიო დანადგარები მონაწილეობს. პოლიგონზე მოწყობილია 1000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამიზნე, რომლებიც პირობითი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ჯავშანტექნიკის იმიტაციას ახდენს“, – ნათქვამია ამ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ცაბალის პოლიგონზე რუსი მზვერავების წვრთნები გაიმართა.